გიორგი ჭიაბრიშვილმა თურქული შეკრება შეაფასა
აფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” დღეს მოკლე ვარჯიში გამართა, ხვალ კი მეორე წრის პირველი ოფიციალური მატჩია. გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე, თურქულ შეკრებასა და მოახლოებულ პირველობაზე კლუბის მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გიორგი ჭიაბრიშვილი გვესაუბრება.
– გიორგი, როგორ ჩაიარა თურქულმა შეკრებამ და რამდენად კმაყოფილი ხართ?
– ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული – იდეალური პირობები, შესანიშნავი სასტუმრო, კარგი სპარინგ-მატჩები, საუკეთესო მინდვრები. ორი კვირის განმავლობაში შესანიშნავ გარემოში ვემზადებოდით, ყველაფერს კი მოახლოებული ოფიციალური მატჩები გვაჩვენებს.
– რა უარყოფითი და დადებითი მხარეები დაგანახათ შეკრებამ?
– თურქულ შეკრებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. გვაქვს იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მოვუმატოთ თამაშს და უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ მაღალ დონეზე თუ ვითამაშებდით. შეიძლება ითქვას პირველი სერიოზული გამოცდა იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის. მართალია, ამხანაგური მატჩები იყო, მაგრამ ისეთი დონის კლუბებთან გაჯიბრება, როგორებიც თურქულ შეკრებაზე იყო, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.
რაც შეეხება უარყოფით მხარეს – აშკარად გამოჩნდა, რომ მოედანზე მეტოქეზე ბევრად ნაკლებს ვმოძრაობთ. ეს არა მარტო “საბურთალოს”, არამედ მთლიანად ქართული კლუბების პრობლემაა. ისეთ პირველობაზე გვიწევს ასპარეზობა, რომ ტემპი დაბალია, მოძრაობები ნაკლები. ამადაცაა, რომ ევროპულ ასპარეზზე გვიჭირს თამაშები. უნდა ვეცადოთ, რომ ამ კუთხით გამოვასწოროთ მდგომარეობა.
– თურქეთში ხუთი ამხანაგური მატჩი გამართეთ, როგორ დაახასიათებთ ყოფილ მეტოქეებს?
– “ბეროე” ათლეტური, მოძრავი კლუბი იყო, არც ფიზიკა-ტაქტიკა დაეწუნებოდა. ბულგარელებს პირველ შეხვედრაში დავუპირისპირდით, ჩვენ ვიწყებდით მზადებას, ისინი კი ასრულებდნენ შეკრებას. ასეთ დროს მეტოქეს უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტოლ-სწორად გვებურთავა. ჩვენთან თამაშის შემდეგ, “ბეროემ” რამდენიმე დღეში ჩემპიონატში “ლუდოგორეცს” იმ ანგარიშით მოუგო, რა შედეგითაც ჩვენ დაგვამარცხა. არადა, “ლუდოგორეცი” ბოლო წლებში აღმავლობას განიცდის, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობს, მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს.
რაც გამოჩნდა ამ შეკრებაზე ის იყო, რომ ჩვენს 18-19 წლის ფეხბურთელებს მოწინააღმდეგის რიდი და შიში არა აქვთ, ყველასთან გამოდიან და ბოლომდე ბრძოლობენ, გამოცდილ ფეხბუღთელებს არაფერს უთმობენ.
– “საბურთალო” ძირითადა 4-3-3 განლაგებით ასპარეზობს, თუმცა შეკრებაზე 4-4-2 ტაქტიკას ამუშავებდით. მეორე წრიდან, ხომ არ გეგმავთ ტაქტიკის შეცვლას?
– არ ვუყურებ იმას, თუ როგორ მოწინააღმდეგეს ვხვდებით, ვთამაშობთ იმ ფეხბურთს, რაც იმ მომენტისთვის იდეალურია. ახალგაზრდა ფეხბურთელები, რაც უფრო მეტ ტაქტიკას აუღებენ ალღოს, მათთვის უკეთესი, რადგან შემდგომ ნებისმიერ ევროპის წამყვან კლუბში გაუადვილდებათ ასპარეზობა. არ გამოვრიცხავ მომავალში 3-5-2 ტაქტიკით ვითამაშოთ. უნდა გვქონდეს რამდენიმე ვარიანტი დამუშავებული, რადგან არ ვიცით, რა დროს რა განლაგებით მოგიწევს თამაში.
– კლუბში ორი ახალწვეულია – სოფრომაძე და ჯიქია. ისინი როგორ შეეწყვნენ?
– ხანდახან ხდება, რომ ადაპტაცია ახალ კლუბში უჭირთ ფეხბურთელებს, თუმცა ორივე მათგანმა ეს ბარიერი მარტივად გადალახა. ჯიქია და სოფრომაძე ისეთ სტილში თამაშობენ, რა ფეხბურთსაც “საბურთალო” თამაშობს, ამ ფეხბურთელებზე გვქონდა ინფორმაცია და ამადაცაა, რომ უკვე კლუბის სრულუფლებიანი წევრები არიან. ორივე მათგანით კმაყოფილი ვარ და მჯერა მომავალში სარგებლობას მოგვიტანენ.
– შეკრებაზე “საბურთალომ” შვიდი გოლი გაიტანა, აქედან შვიდივე ბურთი ნახევარმცველების ანგარიშზეა. თავდასხმის ხაზში გარკვეულ პრობლემები ხომ არ არის?
– არა აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, ან საგოლე გადაცემას ვინ გააკეთებს, მთავარია გუნდმა აჩვენოს შედეგი და წარმატებები იყოს. ფუნქციები ყველა ფეხბურთელს თანაბრად აქვს გადანაწილებული. მოხარული ვარ, რომ იმ კლუბის მთავარი მწვრთნელი ვარ, სადაც გუნდური სულისკვეთება სუფევს და ყველა ერთ მუშტად არის შეკრული.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ხუთივე შეხვედრაში გოლის გატანა მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად გამოცდილ კლუბებს ვეთამაშეთ, ყველა მატჩებში შევძელით თავის გამოჩენა.
– ტრავმებზე მინდა გკითხოთ – ამ მრივ რა მდგომარეობაა კლუბში, რამდენად ჯანმრთელად არიან ფეხბურთელები?
– ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა ისე, რომ გუნდი დაბრუნდა შეკრებიდან ფაქტობრივად ტრავმების გარეშე. შესაძლოა მიკრო დაზიანება რამდენიმე მათგანს აქვს, მაგრამ განსაკუთრებით არაფერი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც საწვრთნელ პროცესს ბოლო დღეებში გამოეთიშა, ეს ლუკა ბლიაძე იყო, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ სერიოზული არაფერია და იგიც მალე განაახლებს ვარჯიშს.
– პირველი წრის დიდი ნაწილი გამოტოვა კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ მენთეშაშვილმა. მართალია, გუნდს შეუერთდა და ვარჯიშობს, თუმცა ამ ეტაპზე ინდივიდუალურად. როდის შეუდგება “მენთეშა” სრულად საწვრთნელ პროცესს?
– როგორც მეუბნებიან მენთეშაშვილი მალე შეუდგება გუნდთან ერთად ვარჯიშს, თუმცა მას კიდევ სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ტრავმა სრულად მოირჩინოს. სიმართლე გითხრათ მის ტრავმაზე არ ვნერვიულობ, რადგან მას აქვს დრო იმისათვის, რატა სრულად მომჯობინდეს. კარგი იქნება თუ მეორე წრეში რამდენიმე შეხვედრას ჩაატარებს… თუ ისე მოხდა, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, ზურას გამოცდილება ძალიან წაგვადგება.
– მეორე წრის პირველი მატჩი კარსაა მომდგარი, ხვალ ხელვაჩაურის “მაჭახელას” ვუმასპინძლებთ. რას იტყვით მომავალ მეტოქეზე?
– როგორი ინფორმაციაც მაქვს, პირველ წრეს თუ ავიღებთ, დიდი ცვლილებები გუნდში არ მომხდარა, თუმცა მოწინააღმდეგე მებრძოლი კლუბია. ხელვაჩაურელთა რიგებში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. მართალია, პირველ წრეში ორივეჯერ შევძელით მათი დამარცხება, მაგრამ წარმატების მიღწევა რთული იყო, განსაკუთრებით სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში.
მჯერა რომ გუნდი კარგად არის მომზადებული და სათანადოდ ხვდება ჩემპიონატის განახლებას. ვნახოთ, ყველაფერს დარჩენილი მეორე წრე დაგვანახებს.
fcsaburtalo.ge