გიორგი ჭინჭარაული ტალახაძეზე: “შევეცადეთ ეს ინფორმაცია არ გაგვევრცელებინა”
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ლაშა ტალახაძის ევროპის ჩემპიონატის მეექვსედ მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში ლაშას ტრავმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
“მოკლედ!
20 აპრილს, ბაკურიანში, ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა, დაიზიანა ბარძაყის კუნთი, იყო უზარმაზარი ჰემატომა, სამი კვირის განმავლობაში ვერ მოძრაობდა, ვერ აკეთებდა ვარჯიშებს…
შევეცადეთ არ გაგვევრცელებინა ინფორმაცია და წინასწარ არ გვენერვიულებინა გულშემატკივარი. თითქმის ნულიდან დავიწყეთ და 25 დღეში მივიდა ამ შედეგზე, რომ არა ეს ტრავმა, მჯერა რომ 500 იქნებოდა ამ შეჯიბრზე!
4-5 ნორმალური ვარჯიშის გავლა მოასწრო მხოლოდ და გუშინ იმიტომ არ გავდა საკუთარ თავს. იცით რატომაა გმირი ?!
შეეძლო ტრავმის წუთიდან ეთქვა უარი გამოსვლაზე, უბრალოდ დაესვენა, ოჯახთან ერთად დრო გაეტარებინა, მან კი შეკრებაც არ დატოვა, მკურნალობა დავიწყეთ, ნემსები, ნელნელა რეზინებით ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, მასაჟი….
ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო…
ქირურგ – ტრავმატოლოგის შეფასებით, ასეთი ტრავმის მორჩენას ჭირდება 4-6 კვირა, ტრავმიდან ექვსი კვირა ორიოდე დღის წინ გავიდა, წესით ვარჯიში უნდა დაგვეწყო ახლა, ჩვენ კი გუშინ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ !
მადლობა ლაშა!
მადლობები :
ზურა კახაბრიშვილს
ასევე დიდი მადლობა მედიკლაბის სამედიცინო ელიტას, ლევან ნაჭყებიას, ქალბატონ ნინო დუმბაძეს, თამაზ თამაზაშვილს…
დიდი მადლობა ტატიშვილის სპორტულ კლინიკას და პირადად გიორგი ლომიძეს…
გიორგი ასანიძეს და ავთანდილ გახოკიძეს მადლობა დაგეგმილი და მედიცინასთან შეთავსებული ვარჯიშებისათვის !
ჩვენ ერთად ვქმნით ისტორიას!
დიდი მადლობა თქვენ, ქართველო გულშემატკივარო, გვაპატიეთ, რომ განერვიულეთ გუშინ.
წინ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც დეკემბერში ჩატარდება.
იქამდე კი ლაშა სრულ ფორმაში უნდა იყოს” – დაწერა ჭინჭარაულმა.
ტალახაძემ ორჭიდში 462 კილო დააფიქსირა.