“ბოლომდე დავიხარჯები!” – გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო
20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს.
კიევის “დინამოს” შემტევს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური 30 მაისს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს.
გიორგი წიტაიშვილი: “საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, რათა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო, ჩემი მიზანი სწორედ ესაა.
ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები.”
Nakrebi.Ge