გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა
უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი იუწყება, რომ კიევის “დინამოს” ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
“უკრაინული ფეხბურთისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი მაქვს. გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს სპორტული მოქალაქეობის მიღება და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ასეთი პოზიცია აქვს თავად ფეხბურთელს.
რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს გარდაეცვალა ბაბუა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც “დინამოელი” დაკრძალვაზე მივიდა, ახლობლებმა მას უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. ის უკვე ემზადება საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ”, – ციტირებს ციგანიკის სიტყვებს ua-football-ი.
20 წლის წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, დღესდღეობით კი უკრაინელთა 21 წლამდე გუნდის წევრი გახლავთ. 2019 წელს ის უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტურნირის ფინალურ მატჩში გოლიც გაიტანა. იმავე წელს უკრაინის ოქროს ტალანტის ჯილდო გადაეცა. გასულ წელს იტალიურმა “ტუტოსპორტმა” წიტაიშვილი ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა შორის დაასახელა.
გიორგი წიტაიშვილი დღესდღეობით იჯარის წესით პოლტავის “ვორსკლაში” თამაშობს.