გიორგი ზურაბიშვილი “ტორპედოს” მატჩის ტრანსლაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
პირველი არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა, გიორგი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში “ტორპედო” – “ლუდოგორეცის” მატჩის ტრანსლაციასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
ზურაბიშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც მაყურებელმა “კუკესი” – “ტორპედოს” შეხვედრის პირდაპირ ეთერში ხილვა ვერ შეძლო.
“მინდა გამოვეხმაურო პირველი არხისა და “ქუთაისის ტორპედოს” გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჯერ შვებულებაში ვიყავი ნაჩუქარში, შემდეგ მივლინება მქონდა – ცხენოსნობაზე ვაკეთებ დოკუმენტურს და ამ პერიოდში მოვწყდი მოვლენებს. ახლა გავერკვიე და მინდა ყველას პასუხი გავცე. პირველ რიგში, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ყველა გულშემატკივრის წუხილი, იმის გამო რომ “კუკესისა” და “ტორპედოს” დაპირისპირება მაყურებელმა ვერ იხილა. ეს აბოსულუტურად გასაგებია. თუმცა, იმისთვის რომ ტალახი ვისროლოთ და ადამაინები ვლანძღოთ, ალბათ საჭიროა ამ კომპლექსურ საკითხს სწორ, გლობალურ ჭრილში შევხედოთ და ახლა შევეცდები საქმის ვითარება გასაგებად აგიხსნათ.
პირველ რიგში მინდა იმის თქმა, რომ არსებობს ორნაირი სიტუაცია. ერთი, როდესაც პროდუქტი არის არაკომერციული, მაგრამ საჭირო და საინტერესო. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა არ არსებობს, მისი ბიზნეს კუთხით შეძენა წამგებიანია, სარეკლამოს თანხების მოზიდვა არ შეუძლია და ყველა კერძო ტელევიზია პროდუქტზე უარს ამბობს. ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია თავის თავზე აიღოს პროდაქშენი და განთავსება. ამ ყველაფერში იხარჯება რესურსი, რაც უნდა დაიხარჯოს და ამისთვის ჩვენ არანაირ სარგებელს არ ვეძებთ. არავინ აშუქებს და ვალდებულები ვართ რომ გადავცეთ. ამისთვის ვარსებობთ.
თუმცა არსებობს, მეორე ვითარება. როდესაც მხარე გადაწყვეტს, რომ პროდუქტი არის კომერციული და მისი გაყიდვით აპირებს ფულის შოვნას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა, შეიძლება მისი შეძენით ფულის გაკეთება და ასეთ დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე ვალდებული აღარ არის შევიდეს სხვა არხებთან კონკურენციაში და ფული იმაში დახარჯოს, რაშიც უკვე იხარჯება ბაზარზე კერძო პირების მხრიდან. ეს თავისუფალი ბაზრისთვის და ჯანსაღი კონკურენციისთვის პირიქით საზიანოც კი არის.
სამწუხაროდ ჩვენთან ხშირად ისე ხდება, რომ რეალურად ბაზარი არ არსებობს, პროდუქტი არაკომერციულია, მაგრამ გარკვეულ მხარეებს მაინც სურთ მისგან ფულის გაკეთება და თან მერე ჩვენ გვაკისრებენ ვალდებულებას. ეს პრინციპულად არასწორია. მხარე უნდა გამოვიდეს და თქვას. თუ უნდათ ამ პროდუქტის გაკომერციულება და გონიათ რომ ბაზარი მზად არის, ჩვენ მერე აღარ უნდა გვავალდებულებდენ ჩვენებას. მაგრამ თუ არ არის ბაზარი და ჩვენ ვაკეთებთ, ამაში დამატებით თანხას აღარ უნდა ითხოვდენ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტიკა და შევეცდები ზუსტად აგიხსნათ რა და როგორ:
“კუკესი” “ტორპედო” როდესაც თამაშობს, თავდაპირველად უფლებებს ფლობენ გუნდები. მათ უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა პროდუქტის კომერციალიზაცია. თუ არ უნდათ, ჩვენ ვერთვებით მოლაპარაკებაში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას “კუკესთან” და თუ მათაც აინტერესებთ ეს თამაში, ხდება სიგნალების გაცვლა. ჩვენ აქ ვაწარმოებთ პროდუქტს და ვაძლევთ ალბანელებს და ისინიც საპასუხო მატჩის დროს აკეთებენ იგივეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში “ქუთაისის ტორპედომ” დაგვავალდებულა თამაშის გადაღება, განაცხადა რომ პროდუქტი არის არაკომერციული და შემდეგ როდესაც ჩვენ თამაში გადავიღეთ და ვაჩვენეთ, სიგნალი მიყიდა მესამე პირს, რომელმაც შემდეგ მიყიდა სიგნალი ალბანელებს. ამით ფული იშოვა “ტორპედომ” შესაბამისად გააკომერციულა პროდუქტი. მერე უკვე საპასუხო მატჩის ჯერი როდესაც დადგა, მესამე პირი ფლობდა ჩვენების უფლებებს, ამ გაკომერციალიზების გამო. სიგნალების გაცვლა აღარ შედგა, მესამე მხარემ ფული მოითხოვა და შემდეგ “ტორპედო” ისევ ჩვენ გვავალდებულებდა ამ გასვილით თამაშის ყიდვას. ეს თავისთავად უკვე პრინციპულად არასწორია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელ მენეჯმენტს აქვს პოლიტიკა, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ მესამე პირებისგან არ მოხდეს პროდუქტის შეძენა. ეს სქემა თავისთავად არის “კორუფციული” და “ატკატების” ძალიან კარგ საშუალებას იძლევა. “ტორპედოს” არგუმენტი რომ თავიდან პროდუქტი 20,000 ევრო ღირდა, მერე კი დააკლებინეს მესამე პირს და 3,000-მდე ჩამოაყვანინეს, ეს მათდა უნებურად არგუმენტი კი არა, თავიანთივე კონტრარგუმენტი გამოდის. ეს რას ნიშნავს, რომ არსებობდა რაღაც მარჟა, ამ შემთხვევაში 17,000, რომელიც დააკლეს. რომ გადაგვეხადა ეგ 20,000 ევრო და შეგვეძინა მესამე პირისგან ეს ტრანსლაცია, ეგ ნიშნავს რომ “ატკატის” საშუალება არსებობდა, მაგას ვერავინ ვერ გააკონტროლებს და საზოგადოების გადასახადით დაფინანსებული ორგანიზაცია ასეთ ვაჭრობაში საერთოდ არ უნდა შედიოდეს. იყო ამ ტელევიზიაში დიდი ხნის განმავლობაში მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ძალიან დიდ თანხებს შოულობდენ, როგოც შიგნით, ისევე გარეთ ადამაინები, ამ მარტივი “ატკატებით” და მესამე პირებით, შესაბამისად აბსოლუტურად სწორია მსგავსი მიდგომა. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მოსახლეობის გადასახადებით დაფინანსებული ორგანიზაცია და შესაბამისად, გააჩნია სპეციფიური პასუხისმგებლობები.
რაც შეეხება “ლუდოგორეცთან” თამაშს. ჩვენ ბულგარულ მხარესთან შეთანხმება მიღწეული გვქონდა და სიტყვიერი თანხმობა იყო რეპორტაჟების გაცვლაზე. თუმცა, როგორც ჩანს, “ტორპედომ” ისევ პროდუქტის კომერციალიზაცია გადაწყვიტა და უფლებები “სილქნეტს” გადასცა, რომელიც მოახდენს კიდეც თამაშების ტრანსლირებას. ამაში უცნაური არაფერია და საგინებელიც არაფერია. გუნდი ფულს შოულობს, კერძო კომპანია იხდის და გადასცემს. ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავის გზაზე.
არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ თურმე პირველი არხი ქართულ ფეხბურთს გვერდში არ უდგას. რა რესურსიც სპორტში იდება, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური, რამდენსაც ჩვენ ვშრომობთ, გაიხსენეთ როდის ყოფილა რამე მსგავსი ქართულ ტელესივრცეში? ვის გაუკეთებია, რომელ ტელევიზიას უჩვენებია?! უმადურობა არ არის კარგი. გასაგებია გულისწყრომა, მაგრამ სწორად აზროვნებას უნდა მივეჩვიოთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში