გოგა დანელია – ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც “ესპანიოლის” სინჯებზე პირველი ადგილი დაიკავა

თარიღი: იანვარი 2, 2014

დღეისათვის ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, თუ არ ჩავთვლით ჰოლანდიის ერედივიზიონს და გერმანიის ბუნდესლიგას, ქართველი ფეხბურთელები საერთოდ არ თამაშობენ. თუმცა, დიდი შანსია, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბინადარ, კატალონიურ “ესპანიოლში” ახალგაზრდა ქართველი მარცხენა მცველი, გოგა დანელია ვიხილოთ. ამის თქმის საბაბს კი ის გვაძლევს, რომ გოგამ სინჯებზე ყოფნისას შერჩეულ საუკეთესო ათ ფეხბურთელს შორის, პირველი ადგილი დაიკავა. 18 წლის მოთამაშე ორივე ფეხს კარგად იყენებს, რაც მისთვის დიდი პლუსია.

Fanebi.Com-ი გოგა დანელიას დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– როგორ მოხვდი “ესპანიოლში”?
– ჩემი ესპანეთში წასვლა ზაფხულიდან იგეგმებოდა. მენეჯერი თორნიკე მაისურაძე დამიკავშირდა. ის 12 წელია ესპანეთში იმყოფება. ესპანეთში, თორნიკემ აგენტ ისიდრო სივერიო ლუისს შემახვედრა. სწორედ ამ ორი ადამიანის წყალობით მოვხვდი “ესპანიოლში”.

– სინჯები რამდენ ხანს გაგრძელდა?
– ესპანეთში 15 დეკემბერს ჩავედი, სინჯები კი 16 დეკემბერს დაიწყო და დაახლოებით, ერთ კვირას გაგრძელდა. სამი ვარჯიში და ორი მატჩი ჩავატარე.

– სინჯების შემდეგ, როგორ გადაწყდა შენი საკითხი?
– მწვრთნელებსა და კლუბის სპორტულ დირექტორს ძალიან მოვეწონე. საუკეთესო ათეულის შედგენისას კი, პირველი ადგილი მომანიჭეს. როცა ჩვენი სინჯები სრულდებოდა, ესპანეთში საახალწლო არდადეგები დაიწყო, ამიტომ საბოლოო პასუხი 10 იანვრის შემდეგ მეცოდინება. როგორც აგენტისგან შევიტყვე, ჩემით სხვა, ძირითადად ბარსელონური კლუბებიც დაინტერესდნენ. კარიერას იქ გავაგრძელებ, სადაც უკეთესს პირობებს შემომთავაზებენ. ვიცი, რომ “ესპანიოლში” მოხვედრა ძნელი იქნება, თუმცა მე ყველაფერი გავაკეთე და საუკეთესო შეფასებაც მივიღე.

– აქამდე რომელ გუნდებში თამაშობდი?
– 6 წლიდან მოყოლებული, 10 წლის განმავლობაში, “ნორჩ დინამოელში” ვთამაშობდი, იქ ვაჟა ჩიტაური მავარჯიშებდა. ამის შემდეგ, კარიერა “ვიტ ჯორჯიაში” გავაგრძელე, სადაც ჭაბუკებში თენგიზ კობიაშვილი, ხოლო დუბლებში ზურაბ ბერიძე მავარჯიშებდა.

– მარცხენა მცველის გარდა, კიდევ რომელ პოზიციაზე შეგიძლია თამაში?
– ყოველთვის მარცხენა ან ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი, მაგრამ “ვიტ ჯორჯიაში” თენგიზ კობიაშვილმა მარცხენა მცველად ჩამომაყალიბა. ეს ყოველივე ესპანეთში ყოფნისას ძალიან გამომადგა, რისთვისაც თეგიზ კობიაშვილს მადლობას ვუხდი.


2 3

როგორც გოგასგან შევიტყვეთ, მასთან ერთად “ესპანიოლში” სინჯებზე 17 წლის მარჯვენა მცველი, ნიკოლოზ ველიაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც საუკეთესო ათეულში მეოთხე პოზიცია დაიკავა.

5

ასევე, შევიტყვეთ, რომ “ესპანიოლში” ქართველი ახალგაზრდები სინჯებზე გასულ სეზონშიც იმყოფებოდნენ. მაშინ ოთო ჭიჭაღუამ პირველი ადგილი დაიკავა, ახლა კი კარიერას ბარსელონაში, “ბადალონაში” აგრძელებს.

 დიტო ჭიჭინაძე

მსგავსი სიახლეები