გოლოვინა: “ჩემი გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა…”
12 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა გამოვიდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-8 ადგილი დაიკავა 16 მონაწილიდან და ფინალში გადავიდა. დასკვნით ეტაპზე მედლისთვის ბრძოლაში კი რვა მონაწილიდან, მხოლოდ და მხოლოდ, მე-7 პოზიციას დასჯერდა და ვერცერთი სინჯის მედალი ვერ მოიპოვა.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა რიოში მყოფ ლუბას და მას გამოსვლის შეფასება სთხოვა.
“მთავარი მიზანი მედალი იყო. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი შესრულებით. ნამდვილად შემეძლო, უკეთესად გამოვსულიყავი. თუმცა, ეს სპორტის, მით უმეტეს, ოლიმპიური თამაშების სპეციფიკაა – ვერასდროს იტყვი ზუსტად რა და როგორ იქნება.”
“ძალიან ბევრი ვიშრომე ოლიმპიადამდე. შემდეგ, ჩემი გამოსვლის დროს ვიბრძოდი, თავი არ დამიზოგავს, რომ მედალი მომეპოვებინა, მაგრამ არ გამიმართლა. მიმაჩნია, რომ ფინალურ პროგრამაში მსაჯებმა ქულები დამაკლეს.”
“გპირდებით, მე-7 ადგილს არ დავჯერდები და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გავახარო გულშემატკივარი,” – განაცხადა გოლოვინამ.