გორის “დილამ” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
ეროვნულ ლიგაში ოცდამერვე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა თენგიზ ზურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა.
გორელმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა . საწყის წუთებში ორივე გუნდი ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას, თუმცა მეთხუთმეტე წუთზე წიქარიძის დარტყმის შემდეგ, ჰამზიჩმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი, პირველი ირაკლი ძარია იყო, რომელმაც საკმაოდ ძლიერი და ლამაზი დარტმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, უკვე საჩხერლები გადავიდნენ შეტევაზე, ჯერ მიშიკო სარდალიშვილი ვერ მიწვდა ბურთს შემდეგ კი, ბესიკ დეკანოიძემ ვერ გამოიყენა თავისი შანსი.
მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდა ზემო იმერული კლუბი, ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ ამაოდ. სოსო ფრუიძემ შეტევს გასაძლიერებლად ჯერ ტატანაშვილი ჩართო შეხვედრაში, შემდეგ კი, ფონიავა, მაგრამ საჩხერელთა მცდელობას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და საბოლოოდ გორელებმა 1-0 იმარჯვეს.
შიდა ქართლელები რამდენიმე ტურის წინ გასავარდნ ზონაში იყვნენ, თუმცა გიორგი დარასელიას გაწვრთნილები სამი თამაშია, რაც ზედიზედ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას და ამ მომენტში “დილა” 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მის უშუალო მდევარს კი, ხუთი ქულით უსწრებს.
მომდევნო შეხვედრას ორივე გუნდი 13 ოქტომბერს გამართავს. გორის “დილა” დინამო “ბათუმთან” ჩავა სათამაშოდ, საჩხერლები კი, “სამტრედიას” უმასპინძლებენ.