გორის “დილას” გულშემატკივარი, რომელიც სტადიონზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა (ვიდეო)
10 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ლიგის 23-ე ტურში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანის საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დღეს გორის “დილამ” სოციალურ ქსელ Facebook-ში, ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ გულშემატკივარი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
“გუშინ დილა – ლოკომოტივის მატჩის მიმდინარეობისას უაღრესად სამწუხარო შემთხვევის მომსწრენი გავხდით, ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივარი – თეა ირემაძე შეუძლოდ გახდა, მას ჯერ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს შემდეგ კი იგი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა ექიმების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა.
საფეხბურთო კლუბი გორის ,,დილა” დიდ მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, – ვკითხულობთ “დილას” განცხადებაში.
Fanebi.Com-ის მთელი გუნდი გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.