“გრანადამ” “ბარსელონა” დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა (ვიდეო)
საკმაოდ უცნაურად განვითარდა მოვლენები ლა ლიგის მეხუთე ტურში. მას შემდეგ, რაც “ატლეტიკომ” საკუთარ კედლებში არასახარბიელო ფორმაში მყოფ “სელტას” ვერ მოუგო, “ბარსელონამ” გასვლაზე “გრანადასთან” განიცადა მოულოდნელი მარცხი.
უნდა აღინიშნოს, რომ დიეგო მარტინესის შეგირდები კონკრეტული გეგმით დახვდნენ მრისხანე მეტოქეს, რამაც შედეგი გამოიღო. ანგარიში მეორე წუთზე გაიხსნა აზიზის გოლით, რამაც “ბარსელონაზე” ფსიქოლოგიურად ცუდი გავლენა იქონია. გაშვებული გოლის შემდეგ “ბლაუგრანა” გამალებულ შეტევებზე გადავიდა, თუცმა პირველ ტაიმში კარში ზუსტადაც ვერ დაარტყეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში ვითარება დიდად არ შეცვლილა. ვალვერდეს გუნდი ტოტალურ უპირატესობას ფლობდა ბურთის ფლობაში, რასაც თამაშში მესის ჩართვაც დაერთო, თუმცა კატალონიელებმა კვლავ ვერ შეძლეს გოლის გატანა და სანაცვლოდ საკუთარ კარში მიიღეს – ვიდალის მხრიდან ხელზე თამაშისთვის დადებული პენალტი გოლად ვადილომ გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.
ასე რომ, ყველასათვის გასაკვირად, ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილს 10 ქულით “გრანადა” ლიდერობს. “ბარსელონა” კი 7 ქულით მეშვიდეა.