გრანიტ ჯაკამ დუმილი დაარღვია – “არსენალის” კაპიტნის განცხადება
ლონდონის “არსენალის” კაპიტანმა, გრანიტ ჯაკამ დუმილი დაარღვია და “კრისტალ პალასთან” მატჩში მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა.
როგორც იცით, კვირას გამართულ შეხვედრაში 27 წლის ნახევარმცველი 61-ე წუთზე შეცვალეს, მოედნიდან გასვლისას კი მას საკუთარი გუნდის გულშემატკივრები უსტვენდნენ. ჯაკა ემოციებს აჰყვა და ფანების მისამართით შეიგინა, მინდორი კი გაბრაზებულმა დატოვა.
“კვირას მომხდარის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და საშუალება მქონდა გამეანალიზებინა, რა მოხდა. მირჩევნია განმარტება ახლა გავაკეთო, ვიდრე მაშინვე, სწრაფად მეპასუხა.
ის, რაც ჩემი შეცვლის შემდეგ მოხდა, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მე ეს კლუბი მიყვარს და ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებოდი მოედანზეც და მოედნის მიღმაც.
ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ჩემი მისამართით ფანები მტკივნეულ კომენტარებს წერდნენ. ბევრი წერდა: “ფეხებს მოგამტვრევთ”, “მეუღლეს მოგიკლავთ”, “შენ შვილს სიმსივნით დაავადებას ვუსურვებთ”. ეს ყველაფერი მაღიზიანებდა და დუღილის ტემპერატურამ კვირას, სტადიონზე მიაღწია.
ჩემი საქციელი უპატივცემულოდ მოქცევა გამოვიდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენ კლუბს, გუნდს და მე დადებითი ენერგიით გვმუხტავენ. ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა და ძალიან ვწუხვარ.
ჩემი სურვილია, რომ დავუბრუნდეთ ურთიერთპატივისცემას, გავიხსენოთ, რატომ გვიყვარს ეს თამაში. მოდი, ვიაროთ წინ ერთად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.