გრაციანო პელე იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს
იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, გრაციანო პელე ესპანეთის ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1-1) ნაკრებიდან მოკვეთეს.
საქმე იმაშია, რომ ჩინური “შენდგონდ ლუნენგის” თავდამსხმელმა იტალიელთა თავკაცს, ჯამპიერო ვენტურას ხელი არ ჩამოართვა, მას შემდეგ, რაც იტალიელმა სპეციალისტმა პელე მატჩის 59-ე წუთზე შეცვალა.
იტალიური ფეხბურთის ფედერაციაში “საუთჰემპტონის” ყოფილი ფორვარდის გუნდიდან მოკვეთის გადაწყვეტილება უმალვე მიიღეს: “ფედერაციისა და ჯამპიერო ვენტურას მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, გრაციანო პელე მაკედონიასთან გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიზეზი კი მის მიერ მწვრთნელისადმი გამოჩენილი უპატივცემულობაა.”
იტალიელთა ამ გადაწყვეტილების შემდეგ გრაციანო პელემ ბოდიში საჯაროდ მოიხადა:”საუბედუროდ, მე კიდევ ერთხელ დავუშვი დიდი შეცდომა.
მართალია, ეს მიუღებელი საქციელი იყო პირველ რიგში მწვრთნელის, შემდეგ კი თანაგუნდელების მიმართ, რომლებიც ყოველთვის მენდობოდნენ მე. ყველას ბოდიშს ვუხდი.”