გრიზმანი “ატლეტიკოს” ულტიმატუმს უყენებს
მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი შემტევი, ანტუან გრიზმანი საკუთარ კლუბს ულტიმატუმს უყენებს – იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელები სათანადო ტრანსფერებს არ განახორციელებენ და მიზნად ტიტულის მოგებას არ დაისახავენ, ის კლუბს დატოვებს.
“ლა ლიგაში მესამე ადგილზე გავედით, რაც კლუბის მიზანს წარმოადგენდა, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელებს მეტი გვინდოდა.
მინდა ტიტულები მოვიგო. ახლა იმ ეტაპამდე ვარ მისული, როდესაც ძალიან კარგად ვთამაშობ, გოლებიც გამაქვს, მაგრამ საკმარისი არ არის. სულ ესაა.
“ატლეტიკოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და ნახევარფინალში ვითამაშე, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. ამიერიდან მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ, თუ რომელია საუკეთესო გზა ტიტულების მოსაგებად და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.
დავაკვირდები, რას მოიმოქმედებს კლუბი. ყველაფერი ტრანსფერებზეა დამოკიდებული. არ ვიცი, რამდენად ესმით მათ ეს, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა, მედიამ, ჩემმა ოჯახმა იცის, რომ ფეხბურთს ტიტულების მოსაგებად, ძლიერი ემოციებისთვის ვთამაშობ. მინდა ამასაც გავუსინჯო გემო.
თუ წასვლა მომიწევს, ეს ჩემთვის პრობლემა არ იქნება. შესაძლოა, ეს იყოს ინგლისი, რადგანაც ახლა ყველაზე პოპულარულია, გერმანია, ჩინეთი ან თუნდაც აშშ. მზად ვარ კლუბიდან წავიდე,” – აცხადებს გრიზმანი.