გრიზმანმა წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოარჩია
მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა 2016 წლის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ყველაზე წარმატებული მწვრთნელები გამოარჩია.
“გასული სეზონით კმაყოფილი ვარ. ჩემი მიღწევები იმაზე მეტყველებს, რომ სწორ გზას ვადგავარ.
2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუს დავასახელებ, მან წელს ორი ტიტული მოიგო. მეორე ადგილზე ლიონელ მესის გავამწესებ, რომელსაც უნიკალურ ფეხბურთელად ვთვლი. მესამე პოზიციას ჯეიმი ვარდის მივაკუთვნებ, მან “ლესტერ სიტისთან” ერთად ინგლისის პრემიერლიგა მოიგო.
კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი დიდოსტატები და ნამდვილი ლეგენდები არიან. ათი წლის შემდეგ მთელი მსოფლიო ილაპარაკებს, რომ მათი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება, მაგრამ მე უახლოეს წლებში შევეცდები, რომ მათ დონეს მივუახლოვდე.
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩებში დამარცხების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, თითქმის არ მეძინა.
ახლა კარგად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს უმაღლესი შედეგის ჩვენება შეუძლია.
საუკეთესო მწვრთნელთა სამეულს შემდეგნაირად დავაკომპლექტებ: დიეგო სიმეონე, დიდიე დეშამი და კლაუდიო რანიერი.
ფრანგი ფეხბურთელებიდან ალექსანდრ ლაკაზეტსა და პოლ პოგბას გამოვყოფდი. ისინი შესანიშნავი მოთამაშეები და კარგი ადამიანები არიან. ვისურვებდი, რომ ჩვენ ერთხელ ერთ კლუბში მოვხვდეთ”, – გრიზმანის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.