გროზნი: “დერბი ყოველთვის რთულია და იგებს ის, ვინც ნაკლებად ცდება”
“დინამო თბილისის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიაჩესლავ გროზნის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. თბილისური გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე ქუთაისის “ტორპედოსთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მატჩის შემდეგ გროზნიმ გუნდის თამაშით უკმაყოფილება გამოთქვა.
“დერბი ყოველთვის რთულია და იგებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს. პირველი გოლი იღბლის წყალობით გაიტანა მეტოქემ, შემდეგი გოლები კი ჩვენმა შეცდომებმა გამოიწვია. მარცხზე პასუხისმგებლობას ყოველთვის მწვრთნელი იღებს.თავად მეც მიკვირს, რატომ ითამაშა გუნდმა ასე. ობიექტურები უნდა ვიყოთ. რენე “დინამოს” საუკეთესო მცველია და ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტის გამო დაგვაკლდა. გვესმის შექმნილი სიტუაცია.
წინა სეზონში ქვილითაიაზე და იაშვილზე იყო აგებული “დინამოს” შეტევა და ახლა ასეთი დონის თავდამსხმელები გუნდში არ არიან. ასეთი პერიოდი ნებისმიერ გუნდს უდგება. მოსკოვის “სპარტაკი” 15 წელია ჩემპიონი არ გამხდარა. ახალგაზრდა ფეხბურთელები მაშინვე ვერ ათამაშდებიან. დრო არის საჭირო. საჭიროა, რომ გამოცდილი მოთამაშეები მათ დაეხმარნონ. გვინდოდა ფინალში გასვლა, მაგრამ რას ვიზამთ… ეს ფეხბურთია. მოთმინება საჭიროა. სტრატეგიული მიზანი არ არის მთელი საქართველოდან ნიჭიერი ფეხბურთელების შეკრება იმისთვის, რომ თასი მოვიგოთ. საჭიროა აკადემიის ბიჭების მომზადება მთავარი გუნდისთვის. აქ კი კარგი კონტრაქტის მსურველი ფეხბურთელები გუნდის ლიდერები უნდა გახდნენ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კიდევ ბევრს დავამატებთ.
არ ვიცი, რა მოხდა დვალიშვილთან დაკავშირებით. ეს ეპიზოდი არ დამინახავს. მეტოქის მცველები მათცის განმავლობაში ეუხეშებოდნენ, ურტყამდნენ. მსაჯის გადაწყვეტილება ბევრ მომენტში საკამათო იყო.
სტრატეგიული პროგრამა არსებობს, რომ თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი იყოს. მზად, ვარ ნებისმიერ ახალგაზრდა და გამოცდილ ფეხბურთელს ვენდო, მაგრამ არ მესმის, რატომ გამოდიან მოთამაშეები ასე ხშირად მოთმინებიდან. დროა საჭირო იმისთვის, რომ ის “დინამო” შევქმნათ, რომელიც სტადიონს ქომაგებით გაავსებს, თუმცა ეს ადვილი არ არის. ქვეყანაში რთული ეკონომიკური სიტუაციაა, ასეა უკრაინაშიც. ერთი მატჩი მთლიანი ჩემპიონატის მაჩვენებელი არ არის. თამაშში პრობლემებია, კომპლექტაციაში ხარვეზებია. დისციპლინა აუცილებელია გუნდში, ასეთი ხშირი გაძევებები შემთხვევითობა არ არის. უკმაყოფილო ვარ ნახევარდაცვაში ჩემი გუნდის თამაშით, უკმაყოფილო ვარ იმით, რომ პირველ ტაიმში ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. არის კარგი ნიუანსებიც. ფეხბურთელები ნაკრებში მოსახვედრად ძლიერები უნდა იყვნენ კლუბში. ხანდახან მიკვირს, რა დამსახურებით ხვდებიან ისინი ნაკრებში. თუ ბურთის ართმევაზე ვერ ვითამაშებთ, ასე საქმე არ გამოვა. ასე კიევის “დინამოს”, დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ წარმატებით ვერ ვითამაშებთ. პრესინგზე თამაში, აგრესიულად მოქმედება აუცილებელია.
ვლადიმერ ვაისთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს, დიდი ხანია ვიცნობ. იგი ძლიერი სპეციალისტია. საქართველოს ნაკრებს დამდეგ მატჩში წარმატებებს ვუსურვებ.
შემეძლო გუნდის ჩაბარება პირველი იანვრიდან, მაგრამ ეს არასწორი იქნებოდა. მე ფეხბურთელებთან ერთად გავდივარ ამ რთულ პერიოდს. იმის გაგება მინდა, სურს თუ არა გუნდს ევროთასებზე ასპარეზობა. თუ უნდათ იქ თამაში, მაშინ რატომ არის დაცვაში ასეთი შეცდომები. ასე თამაშის უფლება არ გვაქვს, თუ ევროთასებზე ასპარეზობა გვინდა”, – აღნიშნა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გროზნიმ.