გუჯეჯიანი: “მსაჯებმა რაღაც მომენტებში არ დაგვინდეს”
ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების გუშინდელი გამოსვლის შესახებ ისაუბრა
“რა თქმა უნდა, გახარებული ვარ ოქროთი, მაგრამ ეს შრომა არ არის მხოლოდ ჩემი, ჩემი პირადი მიღწევა. ეს არის ფედერაციის, მწვრთნელთა საბჭოსი, ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს და იმ გუნდის, რომელიც დღეს არის და იმ შემადგენლობის, ძალიან მადლიერი და მადლობელი ვარ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, მხოლოდ ჩემი წარმატება არ არის”
“ტატო გრიგალაშვილმა აიღო ოქროს მედალი. სხვა წონით კატეგორიებში იყო რაღაცა პრობლემები. იყო გადაცდომები შეფასებებში, მსაჯების მხრიდან დამოკიდებულება. ესე შეიძლება შეფასდეს – რაღაც მომენტში არ დაგვინდეს, ძალიან კატეგორიულები იყვნენ და ამან ყველაფერი მიიყვანა ამ შედეგებამდე. ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ პრობლემად დარჩეს და არ გამოსწორდეს. აუცილებლად გამოსწორდება, ქართული ძიუდო ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და ისევ იდგება”
“თითოეულ მათგანს, ლოგიკიდან გამომდინარე, 100%იანი შანსი ჰქონდა მედლის აღების, თუმცა სპორტია და სპორტში ყველაფერი ხდება. იმ ფონზე, ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს უფრო მეტად რეპეტიცია იყო, ტესტი, რა მდგომარეობაშია და როგორ გამოიყურება ნაკრები. ვფიქრობ, საგანგაშო სიტუაცია არ არის. ეს ბიჭები კვლავ ფავორიტები და ლიდერები არიან.”
“რაც შეეხება შავდათუაშვილს. იყო უშეღავათო ბრძოლა. ლაშას გაუთვალისწინებლად, ზედმეტი კატეგორიულობით აძლევდნენ შენიშვნებს. ეს ძიუდოა და წამის მეასედში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ვერ ვიტყვი, რომ ლაშა ამ წუთას ოპტიმალურ ფორმაშია. ვიწყებთ მზადებას მსოფლიოსთვის და დიდი იმედი მაქვს, ლაშა შეძლებს მეორე მსოფლიოს დადებას” , – განაცხადა გუჯეჯიანმა.