გუჯეჯიანი: ‘რუსეთში გაგვაღიზიანეს, იქ ჩვენი ჩემპიონობა არავის გახარებია’
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ტელეკომპანია GMS TV-ის ეთერში ევროპის გუნდური ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს რუსეთის ქალაქ უფაში შერეულ გუნდებს შორის გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მოიგო. საქართველომ ფინალამდე ავსტრია, საფრანგეთი და თურქეთი დაამარცხა, ფინალში კი ნიდერლანდებს მოუგო.
“ამ შეჯიბრს ჰქონდა ფსიქოლოგიური დატვირთვა, რადგან რუსეთში ტარდებოდა. ძალიან საპასუხისმგებლო იყო. რუსეთის ნაკრებს მასშტაბური ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი. ისინი გეგმავდნენ კონცერტს და ყველა ოლიმპიური ჩემპიონი მობილიზებული ჰყავდათ. იქ მათთვის საზეიმო განწყობა სუფევდა. წინასწარ ემზადებოდნენ ჩემპიონობისთვის. ფაქტობრივად, ჩვენ პროტოკოლი შევცვალეთ და მათი ღონისძიება ჩავშალეთ.
რომ გითხრათ იქ ვინმეს გაუხარდა ჩვენი ჩემპიონობა, გარდა ქართველებისა, მოგატყუებთ. არავის არ გახარებია. ყველამ დაინახა, რომ ახალი ძლიერი კონკურენტი გამოდის ასპარეზზე. ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ვიღაც აუტცაიდერად გვთვლიდა, შეცდომაა. იქ დაგხვდა ისეთი გარემო, რომ რუსეთი აუცილებლად ჩემპიონი უნდა გამხდარიყო, რამაც ჩვენ უფრო მეტი მოტივაცია და გაღიზიანების საფუძველი მოგვცა. გააღიზიანეს გუნდი, ცოტათი ჩვენც გაგვაღიზიანეს და კი ჩავუშალეთ დაგეგმილი ღონისძიება”, – განაცხადა გუჯეჯიანმა.
შეგახსენებთ, რომ შერეულ გუნდებში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა.