გულშემატკივართა უმრავლესობა საქართველოს ნაკრებში ვაისის დარჩენას ემხრობა
სერბეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების ნაწილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობაზე პასუხისმგებლობის აღება მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მოსთხოვა და მას პოსტის დატოვებაზეც ჩამოუგდეს სიტყვა. თავად სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სკამს კბილებით ჩაფრენილი არ არის და გადაწყვეტილებას ფედერაცია მიიღებს, რომელზეც ხშირად ჟურნალისტთა და გულშემატკივართა განწყობაც ახდენს ზეგავლენას. Fanebi.com-მა თავისი მკითხველისთვის დისკუსია გახსნა და მას შემდეგი კითხვით მიმართა – უნდა დატოვოს თუ არა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი?
ელექტრონულ გამოკითხვაში 311 პასუხი მივიღეთ. მათგან 89 პროცენტი თვლის, რომ ვაისმა საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე მუშაობა უნდა გააგრძელოს, 11 პროცენტი კი ეროვნულ ნაკრებში თავკაცის შეცვლას ემხრობა. (გამოკითხვის შედეგი)
დიდი რაოდენობის გამოხმაურება მივიღეთ სოციალურ ქსელში Fanebi.com-ის გვერდზეც და შედეგი აქაც ანალოგიურია. უმრავლესობა საქართველოს ნაკრების წარუმატებელ თამაშში მთავარ “დამნაშავედ” ვაისს არ მიიჩნევს. გულშემატკივართა დიდი ნაწილი უფრო ფეხბურთელებით არის იმედგაცრუებული და მათზე განაწყენებას გამოხატავს.
ჩვენ მიერ მოწყობილ გამოკითხვას, რა თქმა უნდა, სრულყოფილებასა და ყოვლისმომცველობაზე პრეტენზია ვერ ექნება, მაგრამ შესაძლებელია, მივიღოთ ზოგადი სურათი, თუ რა განწყობა სუფევს გულშემატკივართა შორის.