გულშემატკივრის მისია – გვერდში დავუდგეთ ჩვენს გუნდს
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დინამო არენაზე წლის პირველ ოფიციალურ, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვან შეხვედრას ჩაატარებს. მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ბუნებრივია, რომ წყვილში აშკარა ფავორიტებიც სწორედ ჩვენი სტუმრები არიან.
სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად იქცა, რომ თბილისში ტოპ გუნდის ჩამოსვლა უსიამოვნო ფაქტების და ფანატიზმის გამოვლენის გარეშე ვერ ხერხდება. გერმანელთა ვიზიტმაც ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გამოავლინა და სამწუხაროდ პოპულარულიც კი გახადა, ვისთვისაც საკუთარ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში მეტოქის გამარჯვებაა სასურველი და მნიშვენლოვანი. ყველაზე “გამორჩეული” კი შვაინშტაგერის ფანი გამოდგა, რომელიც გუშნდელ ვარჯიშზე ვოლონტიორის საშვით მოხვდა და რაც შემდეგ გააკეთა უკვე მთელი მსოფლიოს განსჯის და გარკვეულ შემთხვევებში დაცინვის საგანიც გახდა.
მოდით ერთი წუთით თავი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ადგილზე წარმოვიდგინოთ… ის ხალხი ვისი იმედიც გაქვს, ვინც წესით შენ უნდა გიგულშემატკიროს და შედეგის მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანონ მეტოქე ფეხბურთელებთან ერთი ფოტოს გადაღების გამო საოცარ რაღაცებს ჩადიან. ამის ფონზე ალბათ ცოტა რთული უნდა იყოს საბრძოლო განწყობის შექმნა…
გასაგებია, რომ ჩვენი ნაკრები არასდროს არ გამოირჩეოდა კარგი შედეგებით და თავს ვერც ლამაზი ფეხბურის თამაშით მოიწონებს. ისიც ფაქტია, რომ განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდს ეხება, როცა ნაკრების მატჩს ხალხი ჩვეული ოპტიმიზმით აღარ ხვდება. მაგრამ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ გულშემატკივრობის კულტურა ჩვენთან ყოველთვის მოიკოჭლებდა და სკამების, დანების თუ სხვა უცხო საგნების მოედანზე სროლა იმ პერიოდშიც კი, როდესაც ნაკრები შედარებით უკეთეს შედეგს აჩვენებდა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამიტომ, როცა რაღაცას ვითხოვთ, მოდით ჯერ ჩვენ, გულშემატკივრებმა შევასრულოთ ჩვენი როლი კარგად და მერე უკვე იმის მორალური უფლებაც გვექნება, რომ ფეხბურთელებს გაცილებით მეტი მოვთხოვოთ.
გულშემატკივრობა მხოლოდ წარმატებასთან რომ არ არის დაკავშირებული ამას უამრავი ფაქტი ადასრუებს. გულშემატკივრობა ქალაქის, ქვეყნის და შენი გუნდის სიყვარულის ნაყოფია და არა ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის, რომელიც ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა, უარყოფითი იყოს, მაგრამ გუნდისადმი და შენი ქვეყნისადმი ნამდვილ სიყვარულს ეს ვერ გაანელებს.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი აქვს. გუნდში მომხდარი ცვლილებები კი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობაა. გულშემატკივრების ვალი ამ პერიოდში ძალიან მნიშვენლოვანია და თანადგომაში გამოიხატება. ჩვენი მინიმუმიც და მაქსიმუმიც სწორედ ეს არის. ნუ მივალთ სტადიონზე გერმანელების სანახავად, მივიდეთ ჩვენი ბიჭების საქომაგოდ, რომლებიც ამ დღეებში ყურადღების ნაკლებობას გრძნობენ.
არ აქვს მნიშვნელობა მოგვწონს ფედერაცია თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა მოგვწონს ნაკრების ტაქტიკა ან კონკრეტული ფეხბურთელი თუ არა… დღეს, მსოფლიოს ჩემპიონებს ვხვდებით და Fanebi.Com როგორც ნამდვილი ფანების ვებგვერდი მოგიწოდებთ – დღეს ფანების დღეა! უგულშემატკივრეთ ეროვნულ გუნდს!