გურამ კაშია: “გვჯერა, რომ ასეთ დონეზე თამაში უკვე შეგვიძლია”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უელსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გურამ კაშიამ განაცხადა, რომ გუნდი ბოლო ორ მატჩში ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილოა, თუმცა ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ.
“ორივე მატჩში ვეცადეთ, რომ ფეხბურთი გვეთამაშა. რა თქმა უნდა, შედეგებით უკმაყოფილონი უნდა ვიყოთ, ვინაიდან ორ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, მაგრამ ფეხბურთელებს უკვე გვჯერა, რომ ასეთ დონეზე თამაში შეგვიძლია.
დღეს ოთხი-ხუთი ისეთი მომენტი გვქონდა, რომ გოლის გატანა და გამარჯვება შეგვეძლო. სამწუხაროდ, ამ ორ მატჩში ორი ძალზედ გულდასაწყვეტი გოლი გავუშვით. ვიძახით, რომ არ გაგვიმართლა, მაგრამ როდესაც მომენტებს ვქმნით, უნდა ვიტანდეთ კიდეც. ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის და ალბათ, გულშემატკივრებისთვისაც სასიხარულოა, რომ ფეხბურთის თამაშს, ბურთის დაჭერასა და მომენტების შექმნას ვცდილობთ. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც წინ ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე მომენტების შექმნა შეუძლიათ”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ გურამ კაშიამ.