გურამ კაშია: “იბრაჰიმოვიჩის არ გვეშინია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ შვედეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე შვედი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
კაშიამ თავდაპირველად კომენტარი ხვალინდელ მატჩზე გააკეთა:
“კარგი მოლოდინი გვაქვს, სამწუხაროდ, ახალ მთავარ მწვრთნელს დიდი დრო არ ჰქონია იმისთვის, რომ გუნდი სრულყოფილად მომზადებულიყო, სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. ცოტა დრო იყო, თუმცა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ახალი მწვრთნელის სისტემა და სათამაშო ტაქტიკა. ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. რთულ ჯგუფში ვართ და ხვალაც რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მჯერა, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.”
საქართველოს ნაკრების გამოცდილმა წევრმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებაც ისაუბრა:
“იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე. კარგია, რომ ის დაბრუნდა, თუმცა მისი არ გვეშინია. ზლატანი დიდებული ფეხბურთელია. მისი დაბრუნება ფეხბურთისთვისაც და შვედეთისთვისაც კარგია. ის შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელია და ჩემთვის, მის წინააღმდეგ თამაში, გამოწვევაა”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს fotbollskanalen.se.
შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.