გურამ კაშია: “მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას”
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
“მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
აქ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. დროის დიდი ნაწილი ტაქტიკურ ვარჯიშებს დავუთმეთ. ვმუშაობთ იმავე ტაქტიკაზე, რომლითაც უკანასკნელი მატჩები ვითამაშეთ. ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, რომ თითქმის იგივე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა. გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გამოვასწოროთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ.
მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგელობაა და იმედი მაქვს თავს გავართმევ. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, თუმცა კაპიტნობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოტივაციაა და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო გუნდს”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს Nakrebi.Ge.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი პირველ არხზე შეგეძლებათ.