გურამ კაშია: “რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ არაფერს ვნანობ”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “ლოკომოტივის” მცველმა, გურამ კაშიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში “სთორი” არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
33 წლის ფეხბურთელი კომენტარი გააკეთა 2017 წელს განვითარებულ მოვლენებზეც.
კარიერის შესახებ:
“ბევრი ქართველი ფეხბურთელია, ვინც უფრო მაღალ დონეზე ითამაშა. რა კარიერაც მე მქონდა, ჯერ ერთი, დიდი არაფერი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ვერასოდეს ვიოცნებებდი ამაზე, რადგან ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ წარმატებული ყოფილიყავი. ვგულისხმობ უბანს, წლებს, პერიოდს, რისი საშუალება გვქონდა, როგორი მოედნები იყო, ბურთი არ გვქონდა. როცა ვუყურებდი იმ ნაკრებს – არველაძეებს, ცხადაძეს, კობიაშვილს, ვერც წარმოვიდგენდი, რომ მე ვინმე მთხოვდა სურათის გადაღებას. ბავშვობაში რომ ეთქვათ, “დინამოში” ითამაშებო, ეს იქნებოდა ასრულებული ოცნება.”
საქართველოს შესახებ:
“ნიდერლანდების თასის მოგების შემდეგ, პირველი, რაც მოვითხოვე დროშა იყო, რათა შემომეხვია. მინდოდა, თასის აწევის დროს დროშა მქონოდა, რადგან ქართველი ვარ. ყველგან ვცდილობ ხაზი გავუსვა იმას, რომ ქართველი ვარ. ნიდერლანდებშიც ბევრმა არ იცოდა, სად იყო საქართველო. ბევრს ამერიკის შტატი ჰგონია. მაღაზიაში ან სავაჭრო ცენტრში რომ ვარ, სულ ვეუბნები, ვეჩხუბები, დროშას ვანახებ.”
ლგბტ სამკლავურის გაკეთებაზე:
“მართალი გითხრათ, თავიდან მაგ ამბებმა ძალიან დამაბნია. მე ვიცოდი ზუსტად, რასაც მე ვფიქრობდი და თუ მკითხავდი, გიპასუხებდი. მე კარიერაზეც ვფიქრობდი, ფეხბურთის თამაში იყო ჩემი პრივილეგია. ისეთი დიდი ამბავი შეიქმნა, რომ ვეცადე მოვრიდებოდი და რაზეც საჭირო იყო, ფეხბურთზე და ჩემს ოჯახზე მეფიქრა, რადგან მათზეც იყო აგრესია. საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ დღეს არაფერს არ ვნანობ. დღესაც იგივენაირად მოვიქცეოდი.”