გურამ კაშია: “ვერავინ წარმოიდგინა, რომ ამას საქართველოში ამხელა ამბავი მოჰყვა”
არნემის “ვიტესის” კაპიტანმა, გურამ კაშიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ჰოლანდიაში მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა.
“გასახდელში შევედი და სამკლაური იქ იდო. ჰოლანდიელი ხალხიც, არავინ არ ელოდა ამხელა გამოხმაურებას საქართველოში. მე კაპიტანი ვარ, ეს ჩვეულებრივი მატჩი იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა.
ჩემს გარდა, ასეთი სამკლაური ერედივიზიონის ყველა გუნდის კაპიტანს ეკეთა. ვერავინ ვერ წარმოიდგინა და ვერც ხვდებიან, რომ ამას საქართველოში ამხელა ამბავი მოჰყვა, ვერც ვუხსნი. აზრადაც არ მომსვლია, ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ამ ყველაფერმა ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც არ მსიამოვნებს. ჩემი საქმე სპორტია და უნდა ვაკეთო ის, რაც მიყვარს.
ეს ჩვეულებრივი ტურის მატჩი იყო, სადაც “ვიტესის” კაპიტანი ამ სამკლაურით უნდა გასულიყო მოედანზე. შეიძლება, ამ შეხვედრაში საერთოდ არ მეთამაშა და კაპიტანი სხვა ყოფილიყო, მაშინ ქართველი არ იქნებოდა და მსგავსი გამოხმაურებაც არ მოჰყვებოდა. წლებია, გუნდის კაპიტანი მე ვარ და სპეციალურად ამ ერთი მატჩის გამო ხომ არ დამნიშნეს?!” – განაცხადა კაშიამ.
გურამ კაშიას სრული ინტერვიუს ხილვა შაბათს, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “სპორტის დროში” იქნება შესაძლებელი.