გურამ კაშია: “ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ შვეიცარიასთან განცდილი მარცხის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ვთვლი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო. ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გოლი დაგკვაკლდა. აღნიშნულ სამ თამაშში ორი გოლი, რომ გაგვეტანა სატურნირო ცხრილში განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. საერთო ჯამში ამ ციკლში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ და სტაბილურად ვითამაშეთ. ეს მთლიან გუნდს ეხება, რადგან დაცვით ფეხბურთში შემტევებმა და ნახევარმცველებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ყველას გვმართებს, რომ შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ.
შვეიცარიის წინააღმდეგ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მეტოქეს ბევრი სირთულე შევუქმენით, პირველი გოლი, რომ გაგვეტანა თამაში შესაძლოა ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. ვთვლი, რომ თამაშის ხარისხით ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს შედეგზე არ აისახა. ჩემი აზრით, ნაკრების ახალმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ისინი მარტშიც დაგვეხმარებიან. ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ.
იმედი მაქვს, რომ მარტში წარმატებას მივაღწევთ. თუ იმ შეხვედრებშიც ასეთ ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ, შედეგი აუცილებლად იქნება”, – განაცხადა კაშიამ.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით