გურამ თუშიშვილის განცხადება
ქართველმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც იცით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თუშიშვილი ყაზახურ ჭიდაობაში (კურესში) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის გამო ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. 24 წლის ძიუდოისტი თბილისის გრან პრის გამოტოვებს.
თუშიშვილი ამ ამბავს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით გამოეხმაურა:
“მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოება, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მე აქამდეც მრავალჯერ მიმიღია მონაწილეობა ყაზახურ ჭიდაობაში, ეს ფაქტი ცნობილი იყო როგორც საქ. ძიუდოს ფედერაციისათვის, ასევე ქართველი გულშემატკივრისთვის. მე არ ვიყავი ინფორმირებული ამ აკრძალვის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მივაყენებდი ზიანს ჩემს სპორტულ კარიერას. ვწუხვარ შექმნილი ვითარების გამო”, – აცხადებს სპორტსმენი.