,,გურია’’ შეიკრიბა
მართალია დაგვიანებით, მაგრამ ლანჩხუთის ,,გურია’’ შეიკრიბა. როგორც მოგეხსენებათ, კლუბში არსებობდა გასული წლის სახელფასო დავალიანება. კლუბის ხელმძღვანელობამ იანვრის ბოლოს სახელფასო დავალიანება გაისტუმრა (გასასტუმრებელია დეკემბრის თვის ხელფასები და რამდენიმე თამაშის პრემიალური თანხა, რომლის გაცემა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი)
გუნდში დარჩნენ შემდეგი ფეხბურთელები: მინდია ბობღიაშვილი, მიხეილ გოგუაძე, ტარიელ კუკულაძე, ნოდარ გაჩეჩილაძე, ალექსანდრე შენგელია, არნო ჩუენსუ, ვილი ისიანი, ერეკლე კილაძე. „გურიაში“ დაბრუნდა გიგა კვერენჩხილაძე. ამ დღეებში უნდა გაირკვეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თენგიზ ჩიკვილაძის დარჩენის საკითხიც, რომელიც იმედია, ჩვენთვის დადებითად გადაწყდება. კლუბი აქტიურად აწარმოებს ახალი ფეხბურთელების შერჩევას, რომლებიც სინჯებზე იმყოფებიან. სამწვრთნელო შტაბს დავით მახარაძე უხელმძღვანელებს. კლუბის შესახებ სიახლეებს კი სისტემატურად მოგაწვდით.
სკ გურია ლანჩხუთის პრეს-სამსახური.