„გურიამ“ Sarbieli.ge-ს განცხადებას უპასუხა
საფეხბურთო კლუბი „გურია“ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე Sarbieli.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც „გურია“ – „ჩიხურას“ მატჩის შესაძლო გარიგებაზე ეწერა. ხსენებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო დროს, ინტერნეტგამოცემა „სარბიელი.გე“ ლანჩხუთის „გურიასთან“ დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციებს, რომელიც მხოლოდ ვარაუდებს შეიცავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული გამოცემა აწარმოებს „გურიას“ რეპუტაციის შელახვას. გადაუმოწმებელი ვარაუდების გავრცელება, ვფიქრობთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ვაღიარებთ აზრის გამოხატვის სრულ თავისუფლებას და იმას, რომ ჟურნალისტს სრული უფლება აქვს, ჰქონდეს თავისი ვარაუდები, ამიტომაც არც გამოვხმაურებივართ არც ერთ ასეთ უსაფუძვლო განცხადებას.
თუმც საჩხერის „ჩიხურასთან“ მატჩის წინ აღნიშნულმა გამოცემამ უკვე „ფაქტებით“ გამოაქვეყნა წერილი სკანდალური სათაურით: გურია–ჩიხურა, ანუ გადახდა უნდა ვალსაო. „სარბიელი.გე“ წერს, რომ ორი წლის წინ, 2014 წლის 17 მაისს, „გურიამ“ რომ „ჩიხურას“ 3:2 მოუგო, ამ თამაშის შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული. როგორც გამოცემა მიანიშნებს, იმერლებს ევროსაგზური განაღდებული ჰქონდათ, ხოლო გურულები ლიგაში დასარჩენად იბრძოდნენო. მოკლედ, ყველაფერი კარგად არის „შეფუთული“ _ „ჩიხურას“ არ სჭირდებოდა, „გურიას“ მოგება უნდოდა და ვარაუდსაც „სრული სიმყარე“ აქვს, „უეჭველად ჩააწყობდნენ“.
თანაც გამოცემა მეტი დამაჯერებლობისთვის აცხადებს, რომ თამაშამდე იყო „ჩაწყობაზე ინფორმაცია“ და ერთ–ერთი გამოცემა იმერელთა თავკაც სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა, რომელმაც თურმე ჩაწყობა კი უარყო, მაგრამ „სარბიელი.გე“–სთვის ეს „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ გამოდგა _ კი თქვა ფრუიძემ, არაო, მაგრამ „გურიამ“ მაინც მოიგოო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნაო. გამოცემის ლოგიკა კრიტიკას ვერ უძლებს _ „ჩიხურას“ რომ არ დაეთმო, „გურიას“ როგორ უნდა მოეგოო?
როგორც ჩანს, გამოცემისთვის მთავარია ბრალდებები წამოაყენოს და არ აინტერესებს, ეს რამდენად სიმართლეს შეესაბამება. ბოლოს და ბოლოს, 2013/14 წლების სეზონში „გურიამ“ რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვება გამოაცხო (სხვებთან ერთად, „დინამოს“, „დილას“ და მაშინ კარგად მოთამაშე „მეტალურგს“ მოუგო) და რატომ არ შეიძლებოდა, „ჩიხურასთვის“ მოეგო?
ეს რა არის, „სკანდალური“ წერილის ავტორს საერთოდ არ ჩაუხედავს 2013/14 წლების გათამაშების საბოლოო ცხრილში, სადაც „გურია“ მე–6 ადგილზე გავიდა და გასავარდნ ზონას 13 ქულით გაუსწრო! შესაბამისად, ბოლოსწინა ტურში „ჩიხურასთან“ მატჩი „გურიასთვისაც“ უმოტივაციო იყო!
პლუს, „გურია“ ზედა ექვსეულში მოხვდა და უკვე მარტში ჰქონდა განაღდებული მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნება! ესეც რომ არა, „გურიას“ ქულათა ისეთი მარაგი ჰქონდა, ქვედა ექვსეულშიც რომ მოხვედრილიყო, გავარდნის საფრთხე არ შეექმნებოდა. მეტიც, იმ სეზონში „გურია“ გარკვეული პერიოდის მანძილზე სამეულშიც იყო!
და თუ „გურიამ“ ოფიციალურად მარტში გაინაღდგა ლიგაში დარჩენა, 17 მაისს „ჩიხურასთან“ „ჩასაწყობი“ არაფერი ჰქონია და საინტერესოა, რა „დასაბრუნებელი ვალი“ ჰქონდა „გურიას“, მით უმეტეს, მოგება მასაც რომ სჭირდებოდა? არც არაფერი! მაგრამ ეს არ აინტერესებს „სარბიელი.გე“–ს და „სკანდალურ“ წერილს „სკანდალური“ სათაურით, სამწუხაროდ, ისე აქვეყნებს, გათამაშების საბოლოო ცხრილში საერთოდ არ ჩაუხედავს“, – ნათქვამია „გურიას“ განცხადებაში.