გურულებთან მატჩის წინ
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 2014 წლის 5 აპრილს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და “გურია” ერთმანეთს სულ ორჯერ, აქედან პირველად გასული წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.
სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძე, ლაშა ჩალაძე, დავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.
ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ზესტაფონელებმა 1-0 გაიმარჯვეს.
“ზესტაფონსა” და “გურიას” შორის 5 აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ქუთაისელი არბიტრი ბაკურ ნინუა განსჯის, 18:00საათზე დაიწყება. ამ მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური