გვარდიოლა: “48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთელებს დახოცავს”
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდის ინიციატივას უარყოფითად აფასებს.
“48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთელებს დახოცავს და ეს მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგის მოთამაშეებს არ ეხებათ. ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე მეტი უნდა ვიფიქროთ. მათ დასვენება სჭირდებათ.
როგორც წესი, მსოფლიოს ჩემპიონატი ეროვნული ლიგების დასრულებიდან ერთ კვირაში იწყება და მისიდამთავრებიდან სამი კვირის შემდეგ კლუბები მომდევნო სეზონისთვის მზადებას იწყებენ.
ფეხბურთელებზე საერთოდ არ ვფიქრობთ. შეცვლების საკითხზეც ვისაუბროთ. რატომ არ შეიძლება, რომ მატჩის მიმდინარეობისას ერთი გუნდის რიგებიდან შეცვლების რაოდენობა ოთხი, ხუთი ან თუნდაც ექვსი იყოს? ასეთ შემთხვევაში, მატჩში მონაწილეობას უფრო მეტი ფეხბურთელი მიიღებდა, მწვრთნელებს სხვადასხვა ტაქტიკის მოსინჯვის საშუალება მიეცემოდათ. გარდა ამისა, ნაკლები იქნებოდა ტრავმებიც. ყველასთვის კარგი იქნებოდა, ფიფას ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება რომ ჰქონდეს”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “სქაი სპორტსი”.