გვარდიოლა: “ბარსელონასთან” იდეალურად უნდა ვითამაშოთ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “მანჩესტერ სიტი” “ეტიჰადზე” “ბარსელონას” მიიღებს. “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ მის გუნდს იდეალურად თამაში მართებს.
“ვიცით, რომ წარმატების მისაღწევად თითქმის იდეალური ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ამის გაკეთებას ვეცდებით, მაგრამ თუ არ გამოგვივიდა, მეტოქეს კარგ თამაშს მივულოცავთ და აქცენტს “მიუნხენგლადბახის” წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრაზე გადავიტანთ.
“ნოუ კამპზე” გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ “ბარსელონას” ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელები თითქმის შეუჩერებლები იყვნენ. გუნდში ჩვენც გვყავს ძლიერი შემსრულებლები”, – გვარდიოლას კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის მატჩი დღეს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის “ნოუ კამპზე” გამართული შეხვედრა კატალონიური გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.