გვარდიოლა გააღიზიანეს: “კლოპმა კალენდარს კარგად ჩახედოს”
კვირას, ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ სიტის” მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა “ქალაქელთა” მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას “ენფილდროუდელთა” თავკაც იურგენ კლოპის განცხადებაზე პასუხი სთხოვეს. გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ “სიტის” გაცილებით იოლი კალენდარი ჰქონდა:
“ჩვენ შესვენება არ გვქონია, “მანჩესტერ სიტიმ” კი კორონავირუსის გამო ორი კვირა დაისვენა”.
გვარდიოლამ კლოპის ამ სიტყვებს ირონიით უპასუხა:
“ის შეცდა. ჩვენ ორი თუ სამი თვე დავისვენეთ… არა, ოთხი თვე და ამიტომაც ვართ ასეთ კარგ ფორმაში.
იურგენმა კალენდარს თავიდან უნდა ჩახედოს. კოვიდი გვქონდა, ერთი კვირა დავისვენეთ და “სტემფორდ ბრიჯზე” 14 ფეხბურთელით ვიყავით. იქნებ ვცდები?! იქნებ მართლაც სამი ან ოთხი კვირა დავისვენეთ?! როდესაც იურგენს ვნახავ, ვკითხავ, რამდენი დღე მოგვიწია დასვენება.
გაკვირვებული ვარ. მეგონა, რომ იურგენი სხვა მწვრთნელებს არ ჰგავდა, თუმცა შესაძლოა, საქმე გაუგებრობასთან გვქონდეს. თუ კალენდარს ჩახედავს, აღმოაჩენს, რომ ორი კვირა კი არა, ორი თვე ვისვენებდით”.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ “ქალაქელებმა” იმ პერიოდში ერთი კვირა ანუ “ლივერპულზე” ორი დღით მეტი დაისვენეს.