გვარდიოლა: “იმედი მაქვს, ახლა სოლარი ჩემ სიტყვებს უკეთესად გაიგებს”
რამდენიმე კვირის წინ “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდები “იუვენტუსი”, “ბაიერნი” და “ბარსელონაა”. მის სიტყვებს მალევე მადრიდის “რეალის” თავკაცი, სანტიაგო სოლარი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ გვარდიოლას ეს კომენტარი მიზანმიმართულადაა გაკეთებული. არგენტინელმა ისიც დაამატა, რომ ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდი “რეალია”.
დღეს გვარდიოლას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს. “სიტის” მწვრთნელმა კი სოლარისაც მიმართა.
“რეალის” გულშემატკივრები ჩემზე გაბრაზებულები არიან, ისინი ამბობენ, რომ “რეალი” ევროპის საუკეთესო გუნდია და ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდიც “რეალია”. თუმცა, თუ მოგებულ შიდა ჩემპიონატებს, თასებსა და სხვა ტიტულებს დავითვლით, მაშინ გამოდის, რომ მათი გუნდი ბოლო ათწლეულის საუკეთესო არ არის.
“იუვენტუსმა”, “ბაიერნმა” და “ბარსელონამ” 6-7 ტიტული მოიგეს, მათ თავიანთი ქვეყნის ტიტულებიც მოიპოვეს. დარწმუნებული ვარ, ახლა სოლარი ჩემს სიტყვებს უკეთესად გაიგებს”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “მარკა”.