გვარდიოლა: “ორი თვის წინ რაიოლამ პოლ პოგბა და მხითარიანი შემომთავაზა”
ბოლო დროს უცხოური პრესა საკმაოდ აქტიურად წერს ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ. პეპ გვარდიოლამ კი ბოლო პრესკონფერენციის დროს სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და აღნიშნა, რომ ზამთარში რაიოლამ მას პოგბას ტრანსფერი შესთავაზა.
თუმცა, სანამ უშუალოდ ფრანგ ფეხბურთელზე დაიწყებდა საუბარს, რაიოლას სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც მას ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერაზე საუბრისას ლაჩარი უწოდა: “ვეთანხმები. როგორც იქნა, ხალხმა დაინახა ჩემი ნამდვილი სახე, ცუდი ადამიანი ვარ, ლაჩარი.
მასთან არასოდეს მისაუბრია და ვფიქრობ, მის შეხედულებებზე იბრაჰიმოვიჩის სიტყვებმა იქონია გავლენა. თუმცა მართალია, რომ ორი თვის წინ მან მხითარიანისა და პოლ პოგბას ტრანსფერი შემომთავაზა.
საინტერესოა, რატომ გააკეთა ეს. უნდოდა, მხითარიანსა და პოგბას ჩვენთან ეთამაშა? თუ ასეთი ცუდი ადამიანი ვარ და მას კლიენტების დაცვა ევალება, ასეთი შეთავაზება არ უნდა გაეკეთებინა. ძაღლთან შედარება კარგი ნამდვილად არ არის. ძაღლებს პატივი უნდა სცეს.
ძალიან გამიკვირდა, როდესაც ეს ფეხბურთელები შემომთავაზა, რადგანაც ძაღლი ვარ. მიკვირს, რატომ უნდა, თავისი ფეხბურთელები ძაღლს ჩააბაროს – არა, შანსი არაა. მისი ფეხბურთელები უკეთეს მწვრთნელთან თანამშრომლობას იმსახურებენ, გმადლობთ,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.