გვარდიოლა ოთხდღიან შვებულებას აცხადებს: “წავიდნენ იქ, სადაც უნდათ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ “ქალაქელები” დატვირთულმა სეზონმა ზედმეტად გადაღალა და თავის ფეხბურთელებს დასვენების უფლება მისცა.
“ბარნლისთან” ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ ბიჭებს უფლება მისცა, იქ წასულიყვნენ, სადაც მოუნდებოდათ. შვებულება 4 დღეს გასტანს და ოთხშაბათს შეწყდება. მომდევნო მატჩი კი “სიტის” შაბათს ელის.
“არამარტო ფეხბურთელებს, არამედ ყველას, შტაფის წარმომადგენლებსაც, შეუძლიათ ეს ოთხი დღე ისე გაატარონ, როგორც მოინდომებენ. “სიტის” კარები ოთხშაბათამდე დაკეტილი იქნება. თითოეულ ჩვენგანს სჭირდება დასვენება,” – აცხადებს კატალონიელი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, დაახლოებით მსგავს მდგომარეობაში მყოფმა აგუერომ მანქანით მოძრაობისას სიჩქარეს გადაამეტა და ხესაც შეეჯახა. შედეგად, ამ უკანასკნელმა ნეკნები დაიზიანა და ორ კვირაზე მეტი გაუცდა. ასე რომ, ეს არც თუ ის უსაფრთხო გადაწყვეტილებაა პეპის მხრიდან.