გვარდიოლა: “სემ ელერდაისი გენიოსია”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” თავკაცი სემ ელერდაისი გენიოსად მოიხსენია.
“ქალაქელებმა” პრემიერლიგაში მიჯრით ექვსი მატჩი მოიგეს და ახლა “იადონებთან” გასვლითი შეხვედრისთვის ემზადებიან. ელერდაისი წყალწაღებული “ვესტ ბრომვიჩის” თავკაცის პოსტზე გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. მას შემდეგ გუნდმა ექვსი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ოთხ შემთხვევაში დამარცხდა, ერთხელ ფრედ ითამაშა, ერთი მატჩი კი გამარჯვებით დაასრულა. “იადონებს” ახლა 11 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა პოზიცია უკავიათ და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.
“სემ ელერდაისი გენიოსია. ის იბარებს გუნდებს, რომლებიც ყველას უიმედო ჰგონია და შედეგს აღწევს. ეს ერთხელ ან ორჯერ რომ მომხდარიყო, იღბალს მივაწერდი, მაგრამ არც კი ვიცი, რამდენჯერ გადაარჩინა გუნდები ელერდაისმა.
რთულია სეზონის მიმდინარეობისას გუნდის ჩაბარება, მაგრამ “ვულვერჰემპტონის” (3:2), “ლივერპულისა” (1:1) და სხვა კლუბების წინააღმდეგ “ვესტ ბრომვიჩმა” დადებითი შედეგი აჩვენა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “დეილი მეილი”.
“ვესტ ბრომვიჩს” და “მანჩესტერ სიტის” შორის მატჩი 00:15 საათზე დაიწყება.