გვარდიოლამ მარკო როისსა და „ბორუსიას“ მიულოცა
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მარკო როისს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
„მარკოსა და „ბორუსიას“, შემიძლია, მხოლოდ მივულოცო. ეს მოთამაშის გადაწყვეტილება იყო.
როისი ჩინებული ფეხბურთელია და, იმედია, იგი სეზონს ტრავმების გარეშე დაასრულებს. მინდა, რომ ჩვენ წინააღმდეგ ძლიერებმა ითამაშონ“, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნი“ როისის შეძენის მთავარ კანდიდატად სახელდებოდა. ზაფხულში მარკოს მიუნხენელთა რიგებში გადასვლა შეეძლო.