პეპმა ჟოზეს ბრალდებას უპასუხა: “ფეხბურთელებისთვის მსგავსი დავალება არასოდეს მიმიცია”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “სიტისთან” წაგებული მატჩის (2-1) შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქე ფეხბურთელები განზრახ მიმართავდნენ ტაქტიკურ ჯარიმებს. ამ ბრალდებას მალევე გამოეხმაურა პეპ გვარდიოლა და ყოველივე ეს უარყო.
“მსგავსი ტიპის გზავნილებს არასოდეს ვაწვდი ჩემს ფეხბურთელებს. შეგიძლიათ, ნებისმიერ ჩემ მოთამაშეს დაეკითხოთ, ყოფილსაც ადა ახლანდელსაც. არასოდეს დამივალებია მათთვის, რომ ტექნიკური ჯარიმებისთვის მიემართათ.
ნამდვილად არ ვიცი, რამდენჯერ დაჯარიმდნენ ჩემი ფეხბურთელები იმ მატჩში, მაგრამ გუნდი, რომელსაც ბურთს ფლობის მაჩვენებელი 70 პროცენტამდე აქვს, ასეთ ხრიკებს არ მიმართავს.
ჩვენი გუნდის მთავარი დავალებები მეტოქესთან ახლოს ყოფნა და შეცდომის ლოდინია. ბუნებრივია, რომ ჩვენც ვჯარიმდებით, ანგელოზები არ ვართ. მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია, ეს ფეხბურთია,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.