გვარდიოლას მესამე მსოფლიო
გვარდიოლას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი “ბარსასთან” ერთად ორჯერ აქვს მოგებული. ახლა ჯერი “ბაიერნზეა”.
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მეათე გათამაშებამ მაროკოში აიღო სტარტი. მას შემდეგ რაც ტურნირის ფორმატი შეიცვალა, მას 6-ჯერ იაპონიამ უმასპინძლა, 2-ჯერ საემიროებმა, ხოლო ერთხელ ტურნირი ბრაზილიაში ჩატარდა. 2013 წელს აფრიკის ჯერიც დადგა.
სამხრეთ ამერიკას ტურნირზე ბრაზილიური “ატლეტიკო მინეირო წარმოადგენს”, ევროპას – “ბაიერნი”, აზიას – ჩინური “გუანჩჯოუ”, აფრიკას – ეგვიპტური “ალ აჰლი”, ოკეანიას – “ოკლენდ სიტი”, ჩრდილოეთ ამერიკას – “მონტერეი”. ადგილობრივი კლუბი “რაჯა კასაბლანკა” ტურნირში მასპინძლის სტატუსით მონაწილეობს. და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება. საკვალიფიკაციო ეტაპზე მაროკოელებმა “ოკლენდ სიტი” დაამარცხეს – 2:1, მეოთხედფინალში იგივე შედეგით “მონტერეის” მოუგეს. მეორე მეოთხედფინალში ჩინური “გუანჩჯოუ” “ალ აჰლიზე” ძლიერი აღმოჩნდა.
ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო ნაწილი ნახევარფინალებიდან იწყება. სწორედ ამ სტადიაში ერთვებიან სამხრეთ ამერიკის და ევროპის წარმომადგენლები.
“ბაიერნი” და “ატლეტიკო” ტურნირში პირველად მონაწილეობენ. ბუნებრივია, რომ ამხელა მანძილს გუნდები ტყუილად არ გაივლიან და იქ მოსაგებან იბრძოლებენ. გერმანული გრანდის მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მაროკოში გუნდი ტიტულის მოსაპოვებლად მიდის. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ესპანელი სპეციალისტი უკვე ორჯერ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული. “ბარსელონასთან” ერთად გვარდიოლამ მსოფლიო თასი 2009 და 2011 წლებში მოიპოვა. გასაგებია, რომ მწვრთნელს “ჰეთ-ტრიკის” შესრულება სურს. მსოფლიო ჩემპიონატს “ბაიერნი” შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ბუნდესლიგაში გუნდი ერთპიროვნული ლიდერია რასაც ჩემპიონთა ლიგაშიც წარამტებული ასპარეზობაც დაემატა.
სპორტულ მხარეს თავი რომ დავანებოთ, ჩემპიონატს საკმაოდ კარგი ფინანსურ მხარეც აქვს. მთავარი სპონსორი “ტოიოტა” სოლიდურ საპრიზო ფონდს აწესებს 16,5 მილიონი დოლარის სახით. საიდანაც 5 მილიონი ერგება ტურნირის გამარჯვებულს, რაც ნებისმიერ კლუბს გამოადგება. კარგი მოტივაციაა გუნდებისათვის.
ორივე ფავორიტის ფინალში გასვლის შემთხვევაში საინტერესო დაპირისპირების მომსწრეები გავხდებით. გვარდიოლა რონალდინიოს წინააღმდეგ. პეპის “კამპ ნოუზე” მისვლასთან ერთად, კატალნიის მთავარ გუნდში ბრაზილიელი ვარსკვლავის ერა დასრულდა. ახლა რონალდინიო “მინეიროს” კაპიტანია და იგი ნამდვილად ეცდება თავი შეახსენოს გვარდიოლას.