ჰაინკესი: “იმედი მაქვს, თამაშის ბედს მოთამაშეები გადაწყვეტენ და არა – მსაჯი”
დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
“რეკორდმაისტერის” მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ვიმედოვნებ, მსაჯი ობიექტური იქნება და მხოლოდ, მოთამაშეებს მოუწევთ, გადაწყვიტონ თამაშის ბედი. არ აქვს აზრი, რამდენჯერ წავაგეთ მადრიდში, რადგან მაშინ მე “ბაიერნის” მწვრთნელი არ ვიყავი. სამშაბათს სხვა თამაში იქნება და ძველებურად არ მოხდება. წინ ძალიან რთული დაპირისპირება გველის, თუმცა იმავეს ვიტყვი “რეალზეც”. ცეცხლოვანი ატმოსფეროს მოლოდინში ვართ. თუმცა, მე მყავს მოთამაშეები, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ფინალში გასვლა გვინდა!”
“უფრო მეტად ეფექტურნი უნდა ვიყოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში. მიუნხენში “რეალს” სამი შანსი ჰქონდა და ორი გაიტანა. სეზონის განმავლობაში ბევრჯერ ავიღეთ მეტოქეების კარები, ეს ჩვენი ხასიათია, რაც მნიშვნელოვანია. თავდაჯერებული ვარ და ასევე, მჯერა ჩემი გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის. ბალანსი უნდა ვიპოვოთ და ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ თითოეულ მომენტში,” – ამბობს ჰაინკესი.