ჰაინკესი: “ხამეს როდრიგესი “ბაიერნისთვის” უფლის საჩუქარია”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა მადრიდის “რეალისგან” არენდის წესით აყვანილ ხამეს როდრიგესზე ისაუბრა, რომელიც ბოლო დროს “რეკორდმაისტერის” ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად იქცა.
“ამჟამინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ხამეს როდრიგესი ნამდვილი უფლის საჩუქარია “ბაიერნისთვის”. არასოდეს არის ადვილი ახალ ქვეყანასა და კულტურასთან შეგუება. აქ სულ სხვა მენტალიტეტია, რომელიც მან საკმაოდ მოკლე პერიოდში გაითავისა.
ყველასათვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ ხამესი “რეალში” თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობდა – ძალიან მცირე სათამაშო დროს იღებდა. ასეთი დონის ფეხბურთელი გაცილებით მეტს იმსახურებს.
ხამესის თვისებები დიდ სიმპატიას აღმიძრავს მისდამი, ის მშვენივრად მოქმედებს, ურთიერთობს და რაც მთავარია, ხალისიან აურას ატარებს. მისმა ტრანსფერმა მიუნხენში სიხარული მოიტანა,” – აცხადებს ჰაინკესი.