ჰალკი: „მსაჯმა მითხრა, რომ შავკანიანები არ მოსწონს“
„ზენიტის“ თავდამსხმელის ჰალკის თქმით, „მორდოვიასთან“ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩის არბიტრმა ალექსეი მატუნინმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.
„ერთ ეპიზოდში მსაჯთან მივედი და ხელი მხარზე დავადე. მაშინ იგი მოტრიალდა და მითხრა, რომ მეორედ ასე არ გამეკეთებინა. მე მას დაწყნარებისკენ მოვუწოდე, თუმცა იგი ანერვიულდა. შემდეგ ვკითხე: თქვენ რასისტი ხართ? მან კი მიპასუხა, რომ მე მას არ მოვწონვარ, ისევე, როგორც სხვა შავკანიანები.
ეს შემთხვევა მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე დაშავდა. ამ ეპიზოდამდე იგი ნორმალურად იქცეოდა.
გულშემატკივრების მხრიდან მსგავსი რამის გაგონება შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, ამით ისინი მეტოქეზე ფსიქოლოგიურად მოქმედებას ცდილობენ. თუმცა, მსაჯი მსგავს სკანდალში გახვეული არასდროს უნდა იყოს“, – განაცხადა ჰალკმა.