ჰარი კეინი: “ვიმედოვნებ, ოდესმე მსოფლიოს საუეკთესო ფეხბურთელი გავხდები”
ჰარი კეინი უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია, რაც ლონდონის “ტოტენჰემში” თამაშობს. პირველი არც ისე წარმატებული წლის შემდეგ, ინგლისელმა ფეხბურთელმა მეორე სეზონში, პრემიერ ლიგაში 21 გოლი, მესამეში – 25, მიმდინარეში კი – უკვე 13 გაიტანა.
23 წლის სპორტსმენმა MARCA-ს მისცა ინტერვიუ, სადაც აწმყოსა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. სეზონები სწრაფად გადიან. ამიტომ საჭიროა, რომ მოთამაშემ თითოეული მომენტი შეიგრძნოს, იქნება ეს მოგება, წაგება, გოლი თუ სხვა რამ.”
“15 წელში ჩემი კარიერა დასრულდება. ამიტომ, ვცდილობ ყველა წამით ვისიამოვნო და ცხოვრების საუკეთესო პერიოდი შევიქმნა. 4 წლიდან ფეხბურთს ვთამაშობ. ეს ის საქმეა, რომელიც კიდევ დიდ ხანს მინდა ვაკეთო.”
“ფეხბურთი სხვა სამყაროა. მინდა, შრომა გავაგრძელო და ამ სამყაროში ვიცხოვრო. ვიმედოვნებ, ოდესმე მსოფლიოს საუეკთესო ფეხბურთელი გავხდები. ვფიქრობ, ეს სურვილი ნებისმიერ ფეხბურთელს გააჩნია. მხოლოდ და მხოლოდ, 23 წლის ვარ და უკვე “ტოტენჰემში” დიდი რაოდენობის გოლი მაქვს გატანილი. თუმცა, ვეცდები, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო გუნდისთვის და, ასევე, რაც შეიძლება, ბევრი ტიტული მოვიგო,” – აცხადებს კეინი.