ჰარი რედნაპი: “სირცხვილი “ჩელსის”
ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ლონდონის “ჩელსიში” შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და გუნდის თავკაცის პოსტზე ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი.
“კონტემ ტურინის “იუვენტუსში” დიდი სამუშაო გასწია და გუნდს ჩემპიონატი სამჯერ მოაგებინა. მითხრეს, რომ იგი ფეხბურთელებთან საკმაოდ მკაცრია და ალბათ, “ჩელსის” მოთამაშეებს სწორედ ეს აკლიათ.
კონტესთვის მშვენიერი ვარიანტია ლონდონში ჩამოსვლა და იმ გუნდის ჩაბარება, რომელიც მზად არის გარდაქმნისთვის. მესმის, რატომ სურს “ჩელსის” იტალიელის მოწვევა.
ამავე დროს, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ კლუბი ინგლისელი მწვრთნელების კანდიდატურებს არც კი განიხილავს. 15 წელიწადში პრემიერლიგის არცერთ კლუბს, ალბათ, აღარ ეყოლება ინგლისელი მფლობელი და შესაძლოა, ჩემპიონატში არც ინგლისელი მწვრთნელი დარჩეს.
ირგვლივ ბევრი ნიჭიერი სპეციალისტია, მაგრამ მათ შანსს არ აძლევენ. შეხედეთ ლუის ენრიკეს. მან “რომაში” ვერაფერს მიაღწია, თუმცა ახლა “ბარსელონაში” მუშაობს”, – ჰარი რედნაპის სიტყვები London Evening Standard-მა გამოაქვეყნა.