ჰეიტინგამ “ვესტ ჰემს” უარი უთხრა
“ევერტონის” მცველმა ჯონ ჰეიტინგამ ლონდონის “ვესტ ჰემში” გადასვლაზე უარი თქვა. 30 წლის ჰოლანდიელი, რომელიც ლივერპულური გუნდის ახალი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის სიმპათიებს ვერ იმსახურებს, კლუბის გამოცვლის სურვილს არ მალავს. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჰეიტინგა მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა.
“ჩემს ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება. საქმე ფულში არ არის, ეს ასპექტი “ვესტ ჰემში” მოგვარებული იყო. უბრალოდ, ბოლომდე უნდა იყო დარწმუნებული, რომ სწორ ნაბიჯს აკეთებ, მე კი ასეთი გრძნობა არ მქონია. ამიტომაც “ვესტ ჰემზე” უარი ვთქვი.
ინტერესი სხვა კლუბებიდანაც არის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ 31 იანვარმე ახალ გუნდს მოვძებნი. კვლავ მინდა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, რადგანაც ჯანმრთელი ვარ და ზაფხულში ბრაზილიაში მოხვედრაზეც ვფიქრობ” – განაცხადა ჰეიტინგამ.