ჰენესი ნაცისტურ მისალმებაზე: “შემთხვევითობაა, ამას არასოდეს გავაკეთებდი”
“კრისტალ პალასის” მეკარე, უეინ ჰენესი, დიდი პრობლემების წინაშე დადგა. შაბათს გუნდმა მზადება ერთობლივი ვახშმით დაასრულა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ფეხბურთელმა საერთო ფოტო გადაიღო. ფოტოში ჩანს, რომ უელსელი მეკარე ნაცისტური მისალმებას ასრულებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, 31 წლის ჰენესი მაშინვე გახდა ფანებისა და ჟურნალისტების კრიტიკის საგანი. მალევე, ჰენესიმ სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.
“გუშინდელი საღამო თანაგუნდელებთან ვახშმით დასრულდა და ბოლოს ერთობლივი ფოტოც გადავიღეთ. ფოტოს გადამღებს ხელს ვუქნევდი და ვცდილობდი მისთვის ჩემი ხმა მიმეწვდინა, სწორედ ამიტომ მქონდა პირზე ხელი აფარებული.
ფოტოში ჩანს რომ მიუღებელ ჟესტს, ნაცისტურ მისალმებას ვასახიერებ, თუმცა ეს მხოლოდ შემთხვევითობაა, ამას არასოდეს გავაკეთებდი. სიყვარული და მშვიდობა. უეინი,” – ვკითხულობთ მის გზავნილში.