ჰიდინკი: “პსჟ”-ს ბევრის უფლება მივეცით”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსი” “პარი სენ-ჟერმენთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში ანგარიშით 4:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა დამრიგებელმა გუს ჰიდინკმა პარიზული გუნდი შეაქო.
“პირველ ათ წუთში მეტოქეს ბევრის უფლება მივეცით. მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” დომინირებდა. პარიზელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ როგორც კი გავაქტიურდით, მაშინვე შევქმენით მომენტები. 67-ე წუთზე ყველაფერი შეიცვალა. გოლის გატანის მშვენიერი შანსი გვქონდა, შემდეგ დიეგო კოსტა დაშავდა. მატჩამდეც ვიცოდით, რომ იგი ასი პროცენტით სათამაშოდ მზად არ იყო, თუმცა ძალიან უნდოდა თამაში და დღეს ლამაზი გოლიც გაიტანა”, – ჰიდინკის მატჩისშემდგომი კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.