ჰოლანდი: რა დავუძახე მეკარეს? არ ვიცი, ეს რას ნიშნავს
9 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე “სევილია” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში დორტმუნდელებმა 5:4 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
“ბორუსიას” მხრიდან ორივეჯერ თავი ერლინგ ჰოლანდმა გამოიჩინა. 52-ე წუთზე ნორვეგიელმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა, მაგრამ დარტყმული სევილიელთა მეკარემ მოიგერია. ამ ეპიზოდში მეკარემ კარის ხაზი ნაადრევად დატოვა, ჰოლანდმა პენალტი განმეორებით შეასრულა და გოლი გაიტანა.
გოლის შემდეგ, გამოჩნდა, რომ ჰოლანდმა სტუმართა მეკარე ბონოს რაღაც მიაძახა. 20 წლის ფეხბურთელს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
“მეორე პენალტის დროს უფრო ვნერვიულობდი. პირველი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, მეკარე სახეში მიყვიროდა, ამ დროს კი ვფიქრობდი – უკეთესი იქნება, კიდევ ერთ გოლს თუ გაგიტან. ასეც მოხდა. არ ვიცი, რას ნიშნავს ის სიტყვა, რომელიც მან გამოუყენებელი პენალტის შემდეგ მითხრა, მაგრამ როცა მეორე გავიტანე, იგივე სიტყვა ვუთხარი. შეიძლება, ეს კარმაა”, – თქვა ჰოლანდმა.