ჰოლანდიამ ინგლისი დამატებით ტაიმში დაამარცხა და ერთა ლიგის ფინალში გავიდა (ვიდეო)
6 ივნისს ევროპის ერთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩი შედგა ჰოლანდიისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, რომელიც ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა ინტრიგას. თუმცა გარდამტეხ მომენტში ჰოლანდიელებმა უფრო მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ჰოლანდიელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა “აიაქსის” 19 წლის ვარსკვლავი დე ლიხტი უჩვეულო მატჩს ატარებდა. მისი შეცდომით შეხვედრის 32-ე წუთზე სილესენის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად რეშფორდმა აქცია – 0:1.
მეორე ტაიმში რონალდ კუმანის შეგირდებმა ზეწოლა გააძლიერეს და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, რომლებშიც უმეტესად მემფის დეპაი მონაწილეობდა. გოლი სწორედ მემფის დეპაის საგოლე გადაცემის ხარჯზე გავიდა, თავი მატიას დე ლიხტმა გამოიჩინა.
საქმე დამატებით ტაიმამდე მივიდა, სადაც თავისი უპირატესობა ტაბლოზე ასახა ჰოლანდიის ნაკრებმა. ჯერ სტოუნზის შეცდომის შემდეგ გავიდა გოლი, რომელიც კაილი უოკერს ჩაეთვალა ავტოგოლად, შემდეგ კი ბარკლის შეცდომა მიიღო საჩუქრად ქვინსი პრომესმა.
ასე რომ, ჰოლანდიის ნაკრები ევროპის ერთა ლიგის ფინალშია და იქ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.