ჰონდა მეტ სათამაშო დროს ითხოვს
“მილანის” ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა უკმაყოფილოა იმით, რომ მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლევა. 29 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა სერია A-ს გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა, საერთო ჯამში კი, მოედანზე 296 წუთი დაჰყო.
“რთულ სიტუაციაში ვარ. ამდენ ხანს სათადარიგოთა შორის არ ვყოფილვარ. ახლა მესმის იმ ადამიანების, ვინც ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩენილა. ნაკრებში სულ სხვანაირი სიტუაციაა”, – ციტირებს ჰონდას სიტყვებს MilanNews-ი.
ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, კეისუკე ჰონდამ “მილანის” ხელმძღვანელობას იანვარში სატრანსფერო ბაზარზე დაყენება სთხოვა.